წესდება

თავი I

ზოგადი დებულებანი

  • 1. ზოგადი დებულებანი
    • 1.1 „საგანმანათლებლო-კვლევითი ცენტრი“ (შემდგომში – ცენტრი) არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმების, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესდების შესაბამისად.
    • 1.2 ცენტრი არის წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაცია.
    • 1.3 ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდი არის: 405072610
    • 1.4 ეს წესდება განსაზღვრავს ცენტრის საქმიანობის ძირითად პრინციპებს, მიზნებსა და სტრუქტურას.
  • 2. ცენტრის სტატუსი
    • 2.1 ცენტრის სრული სახელწოდებაა: არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – „საგანმანათლებლო-კვლევითი ცენტრი“.
    • 2.2 ცენტრი უფლებამოსილია განახორციელოს საკუთარი ქონებრივი და არაქონებრივი უფლებები და მოვალეობები, დადოს ხელშეკრულებები, გარიგებები, გამოვიდეს მოსარჩელედ ან მოპასუხედ სასამართლოში.
    • 2.3 ცენტრს აქვს ბეჭედი, საბანკო ანგარიში და ფლობს განკერძოებულ ქონებას.
    • 2.4 ცენტრი იძენს იურიდიული პირის უფლებებს კანონით დადგენილი წესით რეგისტრაციის მომენტიდან.
    • 2.5 ცენტრის მისამართია: ქ. თბილისი, ად. მიცკევიჩის 29, ბინა 12.
    • 2.6 ელ. მისამართი: eduresearchcentre@gmail.com
  • 3. ცენტრის მიზნები და ამოცანები
    • 3.1 ცენტრის მიზანია:
      • ა) საქართველოში განათლების დონის ამაღლების ხელშეწყობა;
      • ბ) სხვადასხვა ხასიათის კვლევების წარმოება;
      • გ) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში საერთაშორისო სტანდარტებისა და უცხოური გამოცდილების შესწავლა და საქართველოში იმპლემენტირება;
      • დ) საჯარო მოხელეთა და ტრენერ-მასწავლებელთა ხარისხის ამაღლების ხელშეწყობა;
      • ე) სოციალური ცნობიერების ამაღლება;
      • ვ) სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების ხელშეწყობა;
      • ზ) საქართველოში კვლევების საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა;
      • თ) ადამიანის უფლებათა დაცვა.
    • 3.2 ცენტრის ამოცანებია:
      • ა) სამეცნიერო კვლევების ჩატარება;
      • ბ) სოციოლოგიური კვლევების ჩატარება;
      • გ) კვლევების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
      • დ) კულტურული და საგანმანათლებლო ტურების მოწყობა;;
      • ე) მთარგმნელობითი საქმიანობა;
      • ვ) ტრენინგების, კონფერენციების, ლექცია-სემინარების, სასწავლო-მეთოდური, სამეცნიერო-მეთოდური და სხვა ტიპის ღონისძიებების ჩატარება;
      • ზ) სამეცნიერო, საგანმანათლებლო, კულტურული, საქველმოქმედო და სოციალური პროექტების განხორციელება;
      • თ) სტუდენტების ჩართვა ცენტრის საქმიანობაში;
      • ი) უცხო სახელმწიფოების შესაბამის ორგანიზაციებთან ერთობლივი კვლევების განხორციელება.
    • 3.3 ცენტრი შეიძლება ეწეოდეს სხვა საქმიანობას, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ემსახურება ცენტრის მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას.

თავი II

ცენტრის მართვა

  • 4. საერთო კრება
    • 4.1 ცენტრის წევრთა საერთო კრება არის ცენტრის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანო.
    • 4.2 საერთო კრებას იწვევს გამგეობა დირექტორის ინიციატივით ან გამგეობის არანაკლებ 2 წევრის წერილობითი მოთხოვნით.
    • 4.3 კრების მოწვევის შესახებ ყველა წევრს უნდა ეცნობოს წინასწარ კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების შესაბამისად.
    • 4.4 საერთო კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება ან მასზე წარმოდგენილია ცენტრის წევრთა ნახევარზე მეტი.
    • 4.5 საერთო კრება გადაწყვეტილებებს იღებს დამსწრეთა უმრავლესობით, ხოლო გადაწყვეტილებას ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ – დამსწრეთა ორი მესამედის უმრავლესობით.
    • 4.6 იმ წევრებს, რომლებიც ვერ ესწრებიან კრებას, შეუძლიათ წერილობით მიიღონ მონაწილეობა კენჭისყრაში. ისინი უთანაბრდებიან დამსწრე წევრებს.
    • 4.7 საერთო კრება:
      • ა) იღებს ცენტრის წესდებას და ცვლილებები შეაქვს მასში;
      • ბ) თანამდებობაზე ირჩევს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის დირექტორს და გამგეობის წევრებს. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში იმართება წილისყრა საერთო კრების მიერ დადგენილი წესით;
      • გ) წყვეტს ცენტრის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს;
      • დ) ისმენს ცენტრის დირექტორის ანგარიშს;
      • ე) საჭიროების შემთხვევაში ქმნის სპეციალურ საკონსულტაციო საბჭოს;
      • ვ) ამტკიცებს გამგეობის მიერ წარმოდგენილ ცენტრის საქმიანობის საორიენტაციო წლიურ პროგრამას;
      • ზ) იღებს გადაწყვეტილებას ცენტრის რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ;
      • თ) ამტკიცებს ცენტრის სიმბოლიკას.
  • 5. გამგეობა
    • 5.1 გამგეობის წევრებს ცენტრის წევრთაგან ოთხი წლის ვადით ირჩევს საერთო კრება.
    • 5.2 გამგეობა შედგება ცენტრის დირექტორისა და ოთხი წევრისაგან. დირექტორის ჩაუთვლელად გამგეობის წევრთა ორამდე შემცირების შემთხვევაში, ცენტრის დირექტორი დაუყოვნებლივ იწვევს საერთო კრებას გამგეობის ახალ წევრთა ასარჩევად.
    • 5.3 გამგეობის სხდომები იმართება საჭიროებისამებრ. გამგეობის სხდომებს იწვევს დირექტორი საკუთარი ინიციატივით ან გამგეობის არანაკლებ ორი წევრის მოთხოვნით.
    • 5.4 გამგეობის სხდომებს თავმჯდომარეობს დირექტორი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში გამგეობის ერთ-ერთი წევრი.
    • 5.5 გამგეობა უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უბრალო უმრავლესობით. ხმათა გაყოფის შემთხვევაში გადამყვეტია დირექტორის ხმა.
    • 5.6 გამგეობა:
      • ა) წარმართავს ცენტრის საქმიანობას საერთო კრებებს შორის პერიოდში;
      • ბ) უზრუნველყოფს საერთო კრების გამართვას;
      • გ) ადგენს საწევრო შენატანების ოდენობას;
      • დ) ზედამხედველობს ცენტრის ქონების განკარგვას;
      • ე) დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს განსახორციელებელ პროგრამასა (პროექტს) და მის ხელმძღვანელს;
      • ვ) განსაზღვრავს ცენტრის სამეცნიერო საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და კვლევით საგანს;
      • ზ) განიხილავს და განსაზღვრავს კვლევით სამუშაოთა გეგმებს და წყვეტს სამეცნიერო ნაშრომთა და კვლევის შედეგების გამოცემის საკითხებს;
      • თ) განიხილავს და წყვეტს საკვლევ სამუშაოთა ჩასატარებლად განსაზღვრული სახსრების გამოყენების საკითხებს;
      • ი) იღებს გადაწყვეტილებებს სხვა სამეცნიერო დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან შემოქმედებითი თანამშრომლობის საკითხებზე;
      • კ) განიხილავს ცენტრის საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის ეფექტიანობის საკითხებს, უცხო ქვეყნების სამეცნიერო დაწესებულებებთან ერთობლივად კვლევის განხორციელებას და მიმდინარეობას. ისმენს და იხილავს ცენტრის თანამშრომელთა ანგარიშს უცხოეთში სამეცნიერო მივლინების შესახებ;
      • ლ) ადგენს კვლევის შედეგების სასწავლო პროცესში ინტეგრირების მიზანშეწონილობის საკითხებს;
      • მ) შეიმუშავებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს;
      • ნ) ცენტრის მიზნების განსახორციელებლად ქმნის განყოფილებებს, სექციებს და ჯგუფებს; ცენტრის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს მათ ხელმძღვანელებს;
      • ო) იღებს გადაწყვეტილებებს ცენტრის ფილიალებისა და წარმომადგენლობების შექმნის შესახებ; ცენტრის დირექტორის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს მათ ხელმძღვანელებს;
      • პ) აფუძნებს ცენტრის საწარმოებს;
      • ჟ) იღებს გადაწყვეტილებას ჟურნალის დაარსების/გაუქმების შესახებ, ირჩევს ჟურნალის სარედაქციო კოლეგიას და პერიოდულად გამოსცემს ჟურნალს;
      • რ) ქმნის საინფორმაციო ბანკს და ბიბლიოთეკას. ცენტრის დირექტორის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს მათ ხელმძღვანელებს;
      • ს) წყვეტს სხვა საკითხებს, რომლებიც ამ წესდებით სხვა ორგანოთა უფლებამოსილებას არ განეკუთვნება.
    • 5.7 მესამე პირებთან ურთიერთობისას წარმომადგენლობითი უფლებამოსილება აქვს მხოლოდ ცენტრის დირექტორს. გამგეობის სხვა წევრებს წარმომადგენლობითი უფლებამოსილება აქვთ მხოლოდ დირექტორის მინდობილობის საფუძველზე.
    • 5.8 გამგეობა ანგარიშვალდებულია საერთო კრების წინაშე.
    • 5.9 ახლადარჩეული გამგეობის პირველი სხდომა იმართება არჩევის დღესვე.
    • 5.10 გამგეობის ან მისი ცალკეული წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხები წყდება ამ წესდების 6.5. პუნქტის მიხედვით.
  • 6. დირექტორი
    • 6.1 ცენტრის დირექტორი აირჩევა საერთო კრების მიერ ოთხი წლის ვადით.
    • 6.2 ცენტრის დირექტორი:
      • ა) ხელმძღვანელობს ცენტრის საქმიანობას საწესდებო მიზნების მისაღწევად;
      • ბ) ხელმძღვანელობს ცენტრის საორგანიზაციო და კვლევით საქმიანობას;
      • გ) წარმოადგენს ცენტრს მესამე პირებთან ურთიერთობაში;
      • დ) განკარგავს ცენტრის ფინანსურ სახსრებსა და სხვა მატერიალურ ქონებას და პასუხისმგებელია მათ სწორ გამოყენებაზე;
      • ე) ორგანიზებას უწევს კვლევის შედეგების გამოქვეყნებას;
      • ვ) ხელს უწყობს ცენტრის სამეცნიერო და საგანმანათლებლო კონტაქტების განვითარებას საქართველოსა და უცხოეთის სამეცნიერო-სასწავლო და სხვა ხასიათის დაწესებულებებთან;
      • ზ) ორგანიზებას უწევს სამეცნიერო პროექტების დაფინანსებას, მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას, სამეცნიერო ფორუმების გამართვისათვის გეგმების შედგენას;
      • თ) ადგენს ცენტრის თანამშრომელთა საშტატო ნუსხას და სახელფასო ფონდს;
      • ი) სამსახურში იღებს და ათავისუფლებს თანამშრომლებს. საჭიროების შემთხვევაში უფლებამოსილია მოიწვიოს ექსპერტი;
      • კ) ხელს აწერს ცენტრის ოფიციალურ, მათ შორის, საფინანსო დოკუმენტებს;
      • ლ) ხელმძღვანელობს გამგეობას. ანაწილებს ფუნქციებს გამგეობის წევრებს შორის;
      • მ) ასრულებს ამ წესდებით მასზე დაკისრებულ ფუნქციებს;
      • ნ) იღებს სხვა გადაწყვეტილებებს კავშირის საწესდებო მიზნების მისაღწევად;
      • ო) თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს ბრძანებას.
    • 6.3 დირექტორი ანგარიშვალდებულია საერთო კრებისა და გამგეობის წინაშე.
    • 6.4 ცენტრის დირექტორის გადადგომის, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის ან მის მიერ წესდების განსაზღვრული მოვალეობების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, დირექტორის დავალებით, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – გამგეობის გადაწყვეტილებით დროებით დირექტორის მოვალეობებს ასრულებს გამგეობის ერთ-ერთი წევრი.
    • 6.5 დირექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა მის მიერ წესდებით განსაზღვრული მოვალეობების შეუსრულებლობის, უფლებათა გადამეტების ან ცენტრის საწესდებო მიზნებთან შეუსაბამო საქციელისათვის შეუძლია მხოლოდ საერთო კრებას.
  • 7. ცენტრის წევრი
    • 7.1 ცენტრის წევრი შეიძლება იყოს სრულწლოვანი ფიზიკური პირი, რომელიც იზიარებს ცენტრის მიზნებს და იცავს ამ წესდების მოთხოვნებს.
    • 7.2 ცენტრის წევრობის მსურველი წერილობითი განცხადებით მიმართავს ცენტრის დირექტორს, რომელიც პირის წევრად მიღების საკითხს წყვეტს განცხადების შემოსვლიდან არა უგვიანეს ერთი თვისა.
    • 7.3 წევრად მიღებაზე უარის შემთხვევაში დირექტორი არ არის ვალდებული განმარტოს ამის მიზეზები.
    • 7.4 ცენტრის წევრს ავტომატურად უწყდება უფლებამოსილება:
      • ა) საკუთარი განცხადების საფუძველზე;
      • ბ) სასამართლოს გადაწყვეტილებით მისი ქმედუუნაროდ ცნობისას გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან
      • გ) გარდაცვალებისას;
    • 7.5 ცენტრის წევრს საერთო კრების გადაწყვეტილებით უფლებამოსილება ჩამოერთმევა, თუ:
      • ა) გამგეობისათვის წინასწარი წერილობითი შეტყობინების გარეშე ზედიზედ ექვსი თვის განმავლობაში არ იხდის საწევრო შენატანს;
      • ბ) მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება ცენტრის მიზნებს;
      • გ) უხეშად არღვევს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს;
      • დ) არღვევს ზნეობრივ ნორმებს;
      • ე) სხვა საფუძვლების არსებობისას.
    • 7.6 ცენტრის დამფუძნებლები და შემდგომ გაწევრიანებული პირები სარგებლობან თანაბარი სტატუსით.
    • 7.7 პირი, რომელი აქტიურად უჭერს მხარს ცენტრის საქმიანობას, გამგეობის გადწყვეტილებით შეიძლება მიღებულ იქნას ცენტრის საპატიო წევრად. ცენტრის საპატიო წევრზე არ ვრცელდება ცენტრის წევრის ამ წესდებით დადგენილი უფლება-მოვალეობანი.
    • 7.8 ცენტრის წევრს უფლება აქვს:
      • ა) თანასწორ საფუძველზე მონაწილეობდეს ცენტრის საერთო კრების მუშაობაში;
      • ბ) აირჩიოს და არჩეულ იქნეს ცენტრის ორგანოებში;
      • გ) მონაწილეობდეს ცენტრის პროგრამებში მისი კვალიფიკაციისა და შესაძლებლობების შესაბამისად;
      • დ) მიიღოს ყოველგვარი ინფორმაცია ცენტრის ხელმძღვანელი ორგანოებისა და პირებისაგან ცენტრში მათი საქმიანობის შესახებ;
      • ე) ატაროს ცენტრის ემბლემა;
      • ვ) გავიდეს ცენტრიდან თავისუფლად.
    • 7.9 ცენტრის წევრი ვალდებულია:
      • ა) დაიცვას ცენტრის წესდება;
      • ბ) იღვაწოს ცენტრის მიზნების განსახორციელებლად;
      • გ) გადაიხადოს საწევრო გადასახადი საერთო კრების მიერ დადგენილი ოდენობით;
      • დ) შესაძლებლობისა და ინტერესების შესაბამისად მონაწილეობდეს ცენტრის საქმიანობაში;
      • ე) გაუფრთხილდეს ცენტრის ღირსებასა და ავტორიტეტს.
    • 7.10 ცენტრის წევრს უფლება არა აქვს იმოქმედოს ან გამოაქვეყნოს განცხადება ცენტრის სახელით გამგეობის ნებართვის გარეშე.
  • 8. ცენტრის დაფინანსება და ქონება
    • 8.1 ცენტრის დაფინანსების წყაროებია:
      • a) გრანტები და შემოწირულობები;
      • b) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა, მათ შორის, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავალი.
    • 8.2 ცენტრის ქონება შედგება მისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ გადაცემული, ასევე მის მიერ საკუთარი სახსრებით შეძენილი ქონებისაგან.
    • 8.3 ცენტრს შეუძლია საკუთრებაში იქონიოს შენობები, მოწყობილობა, ინვენტარი, სატრანსპორტო საშუალებები, ფულადი სახსრები, ფასიანი ქაღალდები და სხვა ქონება, რომელიც საჭიროა ცენტრის წესდებით გათვალისწინებული ამოცანების შესასრულებლად.
    • 8.4 ცენტრის ფინანსები და სხვა ქონება ხმარდება ცენტრის მიზნებისა და ამოცანების შესრულებას.

თავი III

ცენტრის რეორგანიზაცია/ლიკვიდაცია

  • 9. ცენტრის რეორგანიზაცია/ლიკვიდაცია
    • 9.1 ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში და წესით.
    • 9.2 ცენტრის რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის, აგრეთვე ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების განაწილების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საერთო კრება.
    • 9.3 ლიკვიდაციის დროს უნდა დასრულდეს მიმდინარე საქმეები, დადგინდეს მოთხოვნები, დარჩენილი ქონება გამოიხატოს ფულში, დაკმაყოფილდნენ კრედიტორები და დარჩენილი ქონება გაუნაწილდეს უფლებამოსილ პირებს.
    • 9.4 ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების მიღებაზე უფლებამოსილ პირებს განსაზღვრავს საერთო კრება. ცენტრის ლიკვიდაციისას ქონების გასხვისება შესაძლებელია, თუ:
      • ა) გასხვისება ხელს უწყობს მის მიერ დასახული მიზნების განხორციელებას;
      • ბ) ემსახურება საქველმოქმედო მიზნებს;
      • გ) ქონება გადაეცემა სხვა არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს.
    • 9.5 ლიკვიდაციას ახორციელებს ხელმძღვანელობის უფლებამოსილების მქონე პირი (პირები) ან კანონით დადგენილი წესით დანიშნული ლიკვიდატორი. ლიკვიდატორი პასუხს აგებს, როგორც ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი.