მისია

აფხაზური ენა, სამწუხაროდ, მსოფლიოს იმ ენათა რიცხვს ეკუთვნის, რომლებიც გაქრობის საფრთხის წინაშე დგანან. საქართველო კონსტიტუციაში წერია: საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში აგრეთვე – აფხაზური - მაგრამ ამ სტატუსის რეალური დაცვა ვერ ხერხდება აფხაზეთის ოკუპირებულობისა და მხარეში კოლონიური, მადენაციონალიზებელი ენობრივი პოლიტიკის განხორციელების გამო. ამ მიზეზის გამო შექმნილი მძიმე მდგომარეობა მოითხოვს დეტალურ ანალიზს და იმ კონკრეტული მიზნებისა და ამოცანების დასახვას, რომლებიც დეოკუპაციამდე უნდა შემუშავდეს და აფხაზური ენის გადარჩენის მიზნით განხორციელდეს. 

წინამდებარე პროექტი გულისხმობს აფხაზური ენის მდგომარეობის აღწერას როგორც აფხაზეთის ტერიტორიაზე, ისე საქართველოს იმ რეგიონებში (აჭარაში, თბილისში, ზუგდიდსა და სხვა ქალაქებში), სადაც მეტ-ნაკლები სიმრავლით ცხოვრობენ ეთნიკური აფხაზები. ამ პრობლემის დამუშავება ხელს შეუწყობს უახლესი მონაცემების შეკრებას საქართველოს სამართლებრივ სივრცეში არსებული ვითარების შესახებ, იმ პრობლემების გამოკვეთას, რომლებიც მოითხოვს დაუყოვნებლივ მოგვარებას საიმისოდ, რათა შეჩერდეს ამ უნიკალური ენის გაქრობის პროცესი და დაფიქსირდეს მისი რეალური მდგომარეობა სხვადასხვა პირობებში.

არსებობს მოსაზრება, რომ 21-ე საუკუნეში მსოფლიოში გავრცელებული ენების ნახევარი ვერ გადარჩება, ამას მეტყველებს იუნესკოს კვლევებიც. შესაბამისად, საჭიროა საფრთხეში მყოფი ენების შენარჩუნება. სწორედ ამ გლობალური საკითხის განხილვისას გაჩნდა ტერმინი „ენის ეკოლოგია“, იგივე „ეკოლინგვისტიკა“ (ენის ეკოლოგია - მიმდინარეობა სოციოლინგვისტიკაში, რომელიც სწავლობს ენის არსებობის პირობებს ადამიანთა საზოგადოებაში მისი ფუნქციონირებისთვის არსებული და შესაძლო საფრთხეების თვალსაზრისით. ლინგვისტიკაში ტერმინი დაამკვიდრა ამერიკელმა მეცნიერმა ეინარ ჰაუგენმა. ამავე მნიშვნელობით გვხვდება ტერმინი ლინგვოეკოლოგიაც).

ის ფაქტი, რომ დღეს აფხაზეთში 50 000-ზე  ცოტა მეტი აფხაზი დარჩა, ხოლო თურქეთში ბევრად მეტი აფხაზი ცხოვრობს, არაფერს ცვლის. აფხაზეთშიც უჭირს აფხაზურ ენას და თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზეც არანაკლებ მძიმე სიტუაციაა. აფხაზი თაობების უმრავლესობამ დედაენა არ იცის. აფხაზეთში ვინც დარჩა, ისინი დედაენის ნაცვლად ლაპარაკობენ რუსულად, ხოლო თურქეთში ვინც ცხოვრობს, ისინი საუბრობენ თურქულად. ასევე, აფხაზური ენის ფუნქციონირება პრობლემურია საქართველოს იმ ტერიტორიებზე, სადაც მცირერიცხოვან დისპერსიულ ჯგუფებად ცხოვრობენ ეთნიკური აფხაზები. აქ ინტერეთნიკური ქორწინებები, სხვაენოვანი გარემო და აფხაზთა არაკომპაქტური განსახლება განსაზღვრავენ აფხაზურის, როგორც პირველი ენის, გადანაცვლებას მეორე ენად.

ამიტომაც, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, ჩვენი ვალდებულებაა ხელი შევუწყოთ აფხაზური ენის შენარჩუნებას, ფუნქციონალურ გაფართოებასა და სამეცნიერო აქტივობების განხორციელებას. სამეცნიერო კვლევებით, საფუძვლიანი, კომპეტენტური ანალიზით, შევძლებთ დავანახოთ ოკუპირებულ ტერიტორაზე მცხოვრებლებს, ასევე მთელ მსოფლიოს, რა საფრთხის წინაშე დგანან აფხაზები, რადგანაც, ენა იდენტობის გამომხატველი ფენომანია, მისი დაკარგვა ეთნიკური თვითშეგნების ცვლილებას გამოიწვევს. პროექტში დასახული ამოცანები, მისი აქტუალობა კი ხელს შეუწყობს ორ მოძმე ერს შორის ნდობის აღდგენას, უბიძგებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებლებს შეაფასონ არსებული საფრთხე და ერთობლივად ვიზრუნოთ ენის გადარჩენისთვის, ამიტომაც მნიშვნელოვანია გაქრობის რეალური საფრთხის წინაშე მდგომი ენის, ამჟამინდელი მდგომარეობის ეკოლინგვისტური აღწერა, ცოცხალი მეტყველების აუდიოჩაწერა და დაარქივება.