თანამედროვე აფხაზური ენის ეკოლინგვისტური ანალიზი

,,შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის" ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი პროექტი: OTG-I-19-1128 ,,თანამედროვე აფხაზური ენის ეკოლინგვისტური ანალიზი"
თანამედროვე აფხაზური ენის ეკოლინგვისტური ანალიზი

ენა იდენტობის გამომხატველი ფენომენია, მისი განვითარება თუ გაქრობა უამრავ გარე თუ შიდა ფაქტორზეა დამოკიდებულია; იუნესკოს კვლევების მიხედვით, 21-ე საუკუნეში მსოფლიოში გავრცელებული ენების ნახევარი ვერ გადარჩება, ამიტომაც საჭიროა საფრთხეში მყოფი ენების შენარჩუნება; ამ საკითხის განხილვისას გაჩნდა ტერმინი „ენის ეკოლოგია“, იგივე „ეკოლინგვისტიკა“ (ლინგვისტიკაში ტერმინი დაამკვიდრა ამერიკელმა მეცნიერმა ეინარ ჰაუგენმა).

აფხაზური ენა, სამწუხაროდ, მსოფლიოს იმ ენათა რიცხვს ეკუთვნის, რომლებიც გაქრობის საფრთხის წინაშე დგანან. საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, ჩვენი ვალდებულებაა ხელი შევუწყოთ აფხაზური ენის შენარჩუნებას, ფუნქციონალურ გაფართოებასა და სამეცნიერო აქტივობების განხორციელებას. სამეცნიერო კვლევებით, საფუძვლიანი, კომპეტენტური ანალიზით, შევძლებთ დავანახოთ ოკუპირებულ ტერიტორაზე მცხოვრებლებს, ასევე მთელ მსოფლიოს, რა საფრთხის წინაშე დგანან აფხაზები, რადგანაც, ენა იდენტობის გამომხატველი ფენომანია, მისი დაკარგვა ეთნიკური თვითშეგნების ცვლილებას გამოიწვევს. პროექტში დასახული ამოცანები, მისი აქტუალობა კი ხელს შეუწყობს ორ მოძმე ერს შორის ნდობის აღდგენას, უბიძგებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებლებს შეაფასონ არსებული საფრთხე და ერთობლივად ვიზრუნოთ ენის გადარჩენისთვის, ამიტომაც მნიშვნელოვანია გაქრობის რეალური საფრთხის წინაშე მდგომი ენის, ამჟამინდელი მდგომარეობის ეკოლინგვისტური აღწერა, ცოცხალი მეტყველების აუდიოჩაწერა და დაარქივება.

წინამდებარე პროექტი ემსახურება აფხაზური ენის თანამედროვე მდგომარეობის აღწერას როგორც აფხაზეთის ტერიტორიაზე, ისე საქართველოს იმ რეგიონებში (აჭარაში, თბილისში, ზუგდიდსა და სხვა ქალაქებში), სადაც მეტ-ნაკლები სიმრავლით ცხოვრობენ ეთნიკური აფხაზები; შექმნილი მძიმე მდგომარეობა მოითხოვს დეტალურ ანალიზს და იმ კონკრეტული მიზნებისა და ამოცანების დასახვას, რომლებიც დეოკუპაციამდე უნდა შემუშავდეს და აფხაზური ენის გადარჩენის მიზნით განხორციელდეს.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ პროექტის ბოლოს გამოქვეყნდება მონოგრაფია სამ ენაზე: ქართულ, აფხაზურ და ინგლისურ ენებზე.